Thursday, June 29, 2017

თავისუფალი გაკვეთილი #1

თემა : საზოგადოება და ბრბო
 1-ლი აქტივობა: მოსწავლეთა ვარაუდი,მოსაზრება და მსჯელობა; ( როგორ ესმით სიტყვა ,,ბრბო“,რა განსხვავებაა საზოგადოებასა და ბრბოს შორის;)
მე-2 აქტივობა : მასწავლებელი ესაუბრება ,,ბრბოს ფსიქოლოგიაზე“,კერძოდ,გუსტავ ლე ბონი,მოსწავლეთა მსჯელობას სრულყოფილ სახეს აძლევს,კვლავ მათი დახმარებით.
მე-3 აქტივობა : იმიტირებული სასამართლო.მე-8 კლასის მაოსწავლეებს ნასწავლი აქვთ გიორგი ლეონიძის ,,მარიტა“.
მე-4 აქტივობა : დამატებით , მასწავლებელი აძლევს საკითხავ მასალას ამ თემაზე.( გურამ პეტრიაშვილის ,,პატარა დინოზავრი“,  ილია ჭავჭავაძის ,,სარჩობელაზედ“, მიხეილ ჯავახიშვილის ,,ეშმაკის ქვა“;)





რეფლექსია
გაკვეთილის თემა : საზოგადოება და ბრბო ;
     დღეს , 21-ე საუკუნეშიც კი ხშირად კარგავენ ადამიანები ინდივიდუალიზმს და ხდებიან ბრბოს ნაწილნი.როგორ შევინარჩუნოთ ,,პიროვნული მე“ და არ ავყვეთ ინსტიქტებსა და იმპულსებს,სწორედ ეს არის გაკვეთილის თემა.
     გაკვეთილის მიზანი იყო,მოსწავლეებს ამოეცნოთ, რითი განსხვავდება საზოგადოება ბრბოსგან,არის თუ არა ბრბო მტკიცე და ხანგრძლივი ერთობა,თუ დროებითია და იშლება მაშინ, როდესაც ის მიზანს,საწადელს მიაღწევს.შეიძლება თუ არა,რომ ნებისმიერი ადამიანი იქცეს,  ერთის მხრივ, ბრბოს ნაწილად,ხოლო ,მეორეს მხრივ, ბრბოს მსხვერპლად;როდის შეიძლება იქცეს საზოგადოება ბრბოდ,რა ზიანს აყენებს ბრბოდ ქცეული ერთობა საზოგადოებას,კონკრეტულ პიროვნებებს.
      ამ კითხვებზე ამომწურავი პასუხის მისაღებად მოსწავლეებს გავაცანი გუსტავ ლე ბონის ნაშრომიდან ,,ბრბოს ფსიქოლოგია“ ამონარიდები.წაკითხული მასალა, ანუ ლებონისეული მოსაზრებები,ძალიან საინტერესო აღმოჩნდა მოსწავლეთათვის.
       მოსწავლეებს გავახსენე ის ლიტერატურული ნაწარმოებები,სადაც ავტორი ყურადღებას ამახვილებს სწორედ ამ საკითხზე. კერძოდ,გურამ პეტრიაშვილის ,,პატარა დინოზავრი“, მიხეილ ჯავახიშვილის ,,ეშმაკის ქვა“, გიორგი ლეონიძის ,,მარიტა“. ვიმსჯელეთ,თითოეულ ნაწარმოებში წამოჭრილ პრობლემაზე.ნაწარმოების მთავარი პერსონაჟების თვალით შევხედეთ  აღწერილ სიტუაციას.ვისაუბრეთ რა ზიანს აყენებს ნაწარმოებებში ბრბოდ ქცეული ერთობა ადამიანებს.
     მოსწავლეთა სურვილის მოხედვით ჩავატარეთ იმიტირებული სასამართლო გიორგი ლეონიძის მოთხრობის მიხედვით.მოსამართლეთ შევარჩიეთ მეშვიდე კლასის მოსწავლე, რომლისთვისაც უცხო იყო ნაწარმოებში აღწერილი მოქმედება,ერთ-ერთმა მოსწავლემ გამოთქვა სურვილი ყოფილიყო ბრალდებული,მარიტა, ბრალდებულს ჰყავდა ადვოკატი,ხოლო მოსწავლეთა დანარჩენი ნაწილი დამნაშავედ მიიჩნევდა მარიტას.მაინტერესებდა ასეთ სიტუაციაში რა გადაწყვეტილებას მიიღებდა მოსამართლე.იმოქმედებდა თუ არა მის გადაწყვეტილებაზე ბრბოდ ქცეული ადამიანთა ერთობის მოსაზრება და შეხედულება.სასამართლო გავმართეთ შესაბამისი წესების დაცვით.
        სახალისო და სასინტერესო აღმოჩნდა ეს გაკვეთილი მოსწავლეებისთვის, გადავაჭარბეთ თავისუფალი გაკვეთილისთვის განკუთვნილ დროს.
      გაკვეთილის ბოლოს კიდევ ერთხელ მოვუბრუნდით იმ კითხვებს, რომლებიც დასაწყისისთვის დავუსვი მოსწავლეებს და შევეცადეთ ახლა უკვე არგუმენტირებულად გაგვეცა პასუხი მათთვის.ვთხოვე კიდევ ერთხელ წაკითხვა ამ ნაწარმოებების, ახლა უკვე სხვა თვალით შეძლებდნენ ნაწარმოებში წამოჭრილი პრობლემის დანახვას.






...................................................................................................................................................................


                                                      ბრბოს ფსიქოლოგია

                                 გუსტავ ლე ბონი „ბრბოს ფსიქოლოგია“

ბრბო ყოველთვის დიდ როლს ასრულებს ხალხების ცხოვრებაში, სიტყვაში „ბრბო“ იგულისხმება ინდივიდების შეკრება, განურჩევლად მათი ეროვნების, პროფესიის ან სქესისა. ბრბოში ცნობიერი პიროვნება ქრება და ბრბოდ წოდებული მთლიანობის შემდგენელი ყველა ერთეულის გრძნობები და იდეები იძენს ერთსა და იმავე მიმართულებას, წარმოიქმნება კოლექტიური სურვილი, რომელსაც აქვს დროებითი ხასიათი და ძალიან განსაზღვრული თვისებები. შეკრება გადაიქცევა ორგანიზებულ ან ზეშთაგონებულ ბრბოდ, რომელიც წარმოადგენს ერთიან არსებას და ექვემდებარება ბრბოს სულიერი ერთიანობის კანონს. ბევრი ინდივიდის ერთად შემთხვევით ყოფნის ერთი ფაქტი საკმარისი არ არის იმისათვის, რომ მიიღონ ორგანიზებული ბრბოს ხასიათი, ამისათვის საჭიროა რაიმე გამომწვევი მოვლენა. ბრბოს დანაშაულს შეადგენს მხოლოდ მისი ფლიქოლოგიის კერძო შემთხვევები . ბრბოს არასოდეს შეუძლია შეასრულოს ისეთი ქმედებები, რომლებიც ამაღლებულ გონებას მოითხოვს. ბრბოში შეიძლება ხდებოდეს არა ჭკუის, არამედ სისულელის დაგროვება და მას შეუძლია დამანგრეველი როლის თამაში. ბრბოში ინდივიდი იძენს დაუმარცხებელი ძალის შეგრძნებას, მისთვის ცნება „შეუძლებელია“ არ არსებობს და იძენს ისეთ ინსტინქტს, რომელიც მარტო მყოფს არასოდეს ექნება. მას უქრება პასუხისმგებლობის გრძნობა, რომელიც ცალკეს აუცილებლად აქვს . ბრბოს მახასიათებელია გადამდებობა, იგი ჰიპნოზური მოვლენაა. ამ დროს ინდივიდს თავისი პირადი ინტერესები ადვილად მიაქვს კოლექტიური ინტერესების მსხვერპლად, ამას მხოლოდ მაშინ აკეთებს , როცა ბრბოს ნაწილია. ზეშთაგონებული ბრბოს შემადგენელი ინდივიდი ვერ აცნობიერებს თავის საქციელს, ცნობიერი პიროვნება ქრება, ჭარბობს არაცნობიერი პიროვნება , რომელიც მიისწრაფის სასწრაფოდ მოიყვანოს მოქმედებაში შთაგონებული იდეები, რადგან აღარ ეკუთვნის თავის თავს, იზოლირებულ მდგმარეობაში შეიძლება იყოს კულტურული ადამიანი, ბრბოში ის ბარბაროსად გადაიქცევა. ბრბოს მახასიათებელი თვისებებია: იმპულსურობა, გაღიზიანებლობა, გააზრების უუნარობა, მსჯელობისა და კრიტიკის უნარის არარსებობა, გადამეტებული მგრძნობელობა და მრისახება. ბრბოს ყოვეთვის ჰყავს წინანძღოლი, რომელსაც ბრბოს ყველა ინდივიდი ემორჩილება. ბრბოში ბელადი მხოლოდ წინამძღოლია, მისი როლი მნიშვნელოვანია, მისი ნება არის ბირთვი , რომლის გარშემო ერთიანდება აზრები, თუმცა წინამძღოლი ხშირ სმთხვევაში არ მიეკუთვნება მოაზროვნეთა რიცხვს, ისინი მოქმედების ადამიანები არიან. წინამძღოლები ძირითადად ფსიქიკურად გაუწონასწორებელი სიგჟის ზღვარზე მყოფი ნახევრად შეშლილი ადამიანები არიან, ხელმძღვანელის ძალაუფლება მეტად დესპოტურია, მაგრამ სწორედ ეს დესპოტიზმი აიძულებს მათადმი მორჩილებას. ბრბოს ორი სახეობა არსებობს: ა) არაერთგვარი ბრბო (პროფესიული და გონებრივი განვითარებით აბსოლუტურად განსხვავებული ინდივიდები). ბ) ერთგვაროვანი ბრბო (გარკვეული სექტები კლასები და კასტები ). ბრბო შეიძლება იყოს დანაშაულებრივი კანონის თვალსაზრისით, მაგრამ არა თვალსაზრისით ანუ შეხედულებებით.


სასწავლო პროექტი

სასწავლო პროექტის გეგმა
პროექტის აქტუალურობა :
   ახალგაზდა თაობა ნაკლებად იცნობს თანამედროვე ქართველი პოეტთა შემოქმედებას.საგაკვეთილო პროცესის  დროს გამოიკვეთა  ეს პრობლემა,გამიჩნდა იდეა,ჩამეტარებინა სასწავლო პროექტი თანამედროვე ქართველ პოეტთა შემოქმედებაზე. მიწოდებულმა იდეამ დიდი დაინტერესება გამოიწვია მოსწავლეებშიც.მუშაობის პროცესში შევჯერდით,რომ ამ ეტაპზე ერთი პოეტის,კერძოდ, ნიკოლოზ ფუტკარაძის პოეზიით შემოვიფარგლებოდით,რადგან 15 წლის პოეტის შემოქმედება ძალიან ბევრის მთქმელი აღმოჩნდა.
მიზანი :
·         თანამედროვე ქართველი პოეტების შემოქმედების პოპულარიზაცია;

·         ზეპირი კომუნიკაციის სტრატეგიების შესაბამისად გამოყენება.( აუდიტორიაზე ზემოქმედების არავერბალური ხერხები (მხედველობითი კონტაქტი, ხმის აწევ-დაწევა, საუბრის ტემპის შეცვლა, ჟესტიკულაცია) ზეპირი გამოსვლების დროს მსმენელთა ინტერესის გასაღვივებლად;)
მოსალოდნელი შედეგი :
      პროექტის ფარგლებში ბავშვები გაიცნობენ პოეტის შემოქმედებას,ამოიცნობენ პოეტის მთავარ სათქმელს ,ისაუბრებენ მისი შემოქმედების ირგვლივ,გაიხსენებენ საქართველოს დაკარგულ ტერიტორიებს,იმსჯელებენ შიდა მიგრაციის გამომწვევ მიზეზებზე.გაიცნობენ და დაუმეგობრდებიან თითქმის მათ თანატოლ ქართველ პოეტს.
აქტივობა :
I  სამუშაო შეხვედრა:  გამოკითხვა.
·         გამოკითხვა წარმოებდა ბავშვების მხრიდან,სკოლის ფარგლებში,მიზანი იყო,გაერკვიათ,რამდენად იცნობდნენ თანამედროვე ქართველ შემოქმედთა ნამუშევრებს.

II სამუშაო შეხვედრა: თავისუფალი გაკვეთილი
·         გაცნობა რამდენიმე ქართველი პოეტის შემოქმედების და მოსწავლეების მხრიდან არჩევანის გაკეთება; ( მათ ინტერესი გამოიჩინეს თითქმის  თანატოლ ქართველ პოეტზე ნიკოლოზ ფუტკარაძე;)

III სამუშაო შეხვედრა:
·         პოეტის და მისი შემოქმედების გაცნობა, ბავშვების თვალით დანახული ახალგაზრდა პოეტის პოეზია.

IV  სამუშაო შეხვედრა:
·         შემოქმედებითი საღამოსთვის მზადება,მუსიკის პედაგოგთან ერთად;

V  სამუშაო შეხვედრა:

·         პოეტის კრებულებზე შექმნილი ნახატები და კედლის გაზეთები.
V I   სამუშაო შეხვედრა:
·         დასკვნითი ღონისძიება. ემოციებით   დატვირთული მაყურებელი და პოეზიის სიყვარულით სავსე მოსწავლეები;























რეფლექსია
       საგაკვეთილო პროცეცის დროს გამოიკვეთა პრობლემა, რომ მოსწავლეები ნაკლებად იცნობდნენ თანამედროვე ქართველ პოეტეთა შემოქმედებას.გამიჩნდა იდეა ჩამეტარებინა გამოკითხვა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით,გამოკითხვა ვაწარმოე თავად ბავშვების მხრიდან,შევადგინეთ კითხვარი.გამიკითხვის შედეგების საფუძველზე გადავწყვიტე,ჩამეტარებინა რამდენიმე თავისუფალი გაკვეთილი მსურველთათვის.  თავისუფალ გაკვეთილებზე გავეცანით  თანამედროვე ქართველი პოეტების შემოქმედებას.ამ შეხვედრების შემდეგ კი, ბავშვების ინტერესის გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ შემოქმედებითი საღამოს ჩატარება ნიკოლოზ ფუტკარაძის პოეზიაზე   -     ,,წვეთავს ნატვრებიდან პოეზია”.ინტერესი ამ პოეტის მიმართ კიდევ უფრო მეტად გაზარდა იმან,რომ ის თითქმის მათი თანატოლია.უამრავი შეკითხვა ებადებოდათ მისი შემოქმედების გაცნობისას.
           სკოლის ადმინიასტრაციამ ხელი შეგვიწყო, მოგვეძიებინა ყველა მისი კრებული,რომელიც პოეტს ჰქონდა გამოცემული.გავეცანით სტატიებს,ინტერვიუს პოეტის შემოქმედების შესახებ.ინტერესი მუშაობისას კიდევ უფრო გაიზარდა.
           შეხვედრებზე ვკითხულობდით მის ლექსებს.მინდა აღვნიშნო, რომ დაინტერესება ბავშვების მხრიდან იყო ძალიან მაღალი.მიუხედავად იმის,რომ ყველა მოსწავლემ ვერ მიიღო მონაწილეობა ამ საღამოზე,გვეხმარებოდა თითოეული მათგან სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხებში,ეს იყო დარბაზის გაფორმება, სხვადასხვა რესურსი,რომელიც ღონისძიების წარმართვაში დაგვეხმარებოდა. რამდენიმე მოსწავლემ მისი კრებულების გაცნობის შემდეგ გააკეთა კედლის გაზეთი.
     მუსიკის მასწავლებელთან ერთად,პროექტის ბოლოს ჩავატარეთ ღონისძიება,სადაც მოწვეული გვყავდა თავად პოეტიც.მასთან შეხვედრის უდიდესი სურვილი ჰქონდა,როგორც პროექტში ჩართულ მოსწავლეებს,ასევე თავად პოეტსაც.გარკვეული მიზეზების გამო,(მიწვეული იყო გერმანიაში) ვერ მოახერხა ჩვენს ღონისძიებაზე დასწრება,მაგრამ  თვალს ადევნებდა სკაიპის საშუალებით.
      პროექტში მონაწილე ბავშვებმა,გარდა იმისა რომ გაიცნეს ახალგაზრდა პოეტის შემოქმედება,რაც მთავარი  მიზანი იყო ჩემი მხრიდან,სხვა თვალით შეხედეს შიდა მიგრაციის პრობლემას, გაიხსენეს საქართველოს დაკარგული ტერიტორიები,გაითავისეს ის ტკივილი,რაც თითოეული ქართველის სატკივარია. ეს ყველაფერი თანმდევია ნიკოლოზ ფუკარაძის შემოქმედებისთვის.საღამო იყო ძალიან შთამბეჭდავი,,ემოციით დატვირთული,თითოეული ბავშვი გრძნობდა და ითავისებდა პოეტის სათქმელს.ვფიქრობ,მიზანი მიღწეულია,მოსწავლეებში გაიზარდა მოტივაცია,იცნობდნენ თანამედროვე პოეტებს.
      პროექტი მნიშვნელობანი იყო იმ კუთხითაც,რომ მასში ჩართულნი იყვნენ  ეთნიკური უმცირესობის  წარმომადგენელი მოსწავლეები.ამ პროექტმა გააერთიანა თითოეული მათგანი პოეტის მთავარი სათქმელის ქვეშ.
         იყო პატარ---პატარა ხარვეზებიც პროექტის განხორციელების დროს,კერძოდ, ვერ შევძელით შეხვედრა პოეტთან,სამომავლო წინსწარ გავუკეთებთ მობილიზაციას ამ საკითხს.
          პროექტი დასრულდა,მაგრამ დარჩა ინტერესი მომდევნო პროექტის დაწყების,სადაც ბავშვებს მიეცემათ შესაძლებლობა,იცნობდნენ უფრო მეტი თანამედროვე პოეტისა თუ მწერლის შემოქმედებას.ამით კი შევძლებ შევაყვარო პოეზია და ამოვაცნობინო შემოქმედის მთავარი სათქმელი.
http://mazmishviliketevan.blogspot.com/
                                                                     პროექტის ხელმძღვანელი: ქეთევან მაზმიშვილი
თბილისის 133-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი;

სოციალური პროექტი

                 
სოციალური პროექტის გეგმა
პროექტის აქტუალურობა :
21-ე საუკუნეში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა თემთა ურთიერთკავშირი და გაცნობა.ამ მიზნით გადავწყვიტე ჩემს მეზობელ სკოლასთან ერთად ჩამეტარებინა პროექტი.ჩემს წინადადებას სიხარულით დასთანხმდა 143-ე საჯარო სკოლის მასწავლებელი.ამის შემდეგ გამოკითხვა ჩავატარე ჩემს მოსწავლეებშიც,ინტერესი და სურვილი იყო ძალიან მაღალი.დავიწყეთ პროექტზე მუშაობა.პროექტში გაერთიანებული იყო სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის- 14 მოსწავლე;

მიზანი :
სხვადასხვა თემის წარმომადგენელთა გაცნობა,იდეებისა და შეხედულებების გაზიარება;
ლიტერატურის პოპულარიზაცია;
ცოდნის გაღრმავება მოწვეული ლექტორის ჩატარებული ლექციის საფუძველზე;
კონკრეტულ საკითხებზე მსჯელობის მოსმენა და საკუთარი თვალსაზრისის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე.

მოსალოდნელი შედეგი :

პროექტის ფარგლებში მოსწავლეები გაიცნობენ,დაუმეგობრდებიან სხვა სკოლის მოსწავლეებს, დაამუშავებენ მასწავლებლის მიერ მიცემულ საკითხებს,გაუზიარებენ საკუთარ შეხედულებებს ერთმანეთს,მიიღებენ საინტერესო და ამომწურავ პასუხებს ,კომპეტენტური სტუმრისგან,პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით.

აქტივობები :

I სამუშაო შეხვედრა:  ,,ქართული ენა ღმერთის ენაა“.
·         მინი-ლექცია მასწავლებლის მხრიდან. (ლექციას ესწრებოდნენ სხვადასხვა კლასის მოსწავლეები,პროექტში მონაწილეობის  მსურველი აღმოჩნდა 14 მოსწავლე.)

II სამუშაო შეხვედრა:  ესეების კონკურსი.

·          ესეს დაწერა თემაზე „იყიდება დედაენა“.

III სამუშაო შეხვედრა: 

·         143–ე სკოლაში გასამართი ღონისძიებისთვის მზადება

IV სამუშაო შეხვედრა: 

·         ესეების წაკითხვა და საუკეთესო ესეს გამოვლენა.

ფინალი: ერთობლივი შემოქმედებითი ღონისძიება 143-ე და 133-ე სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით.  (ანალოგიური აქტივობები ტარდებოდა 143-ე საჯარო სკოლაში.)
პროექტის ბოლოს მოეწყობა ქართველი მხატვრის, გოჩა ძაგანაშვილის,მიერ გაფორმებული ქართული ანბანის პრეზენტაცია.





გამარჯვებული ესე

იყიდება დედაენა
         ალბათ თქვენც, ისევე როგორც მე, ხშირად გსმენიათ ქუჩასა თუ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ბევრი უცნაური და  უინტერესო ფრაზა, რომელიც ყურიდან ყურში გაგვიტარებია და გონებით თვალით არასოდეს შეგვიხედავს, მაგრამ დღეს ჩემთვის თითქოს გაცვეთილი და ძალიან ბევრი მთქმელი ფრაზა-იყიდება დედაენა ერთ ლარად, არა თუ ყურიდან ყურში გავატარე, არამედ ამ ფრაზამ მთლიანად შეძრა ჩემი პიროვნება. დღეს გონების თვალით შევხედე და რაღაც ძლიერი ტკივილი ვიგრძენი, მართმევდნენ ჩემთვის ყველაზე ტკბილს, ყიდიდნენ ჩემს ბავშვობას.
           მთელი დღე ამეკვიატა და მოსვენება დამიკარგა ამ ერთმა ფრაზამ. მე ხომ ამ წიგნით ავიდგი ენა, შევიყვარე ქართული ანბანი, ჩემი სამშობლო, ფიქრი ღამეც გავაგრძელე. იმ ღამეს ცუდად მეძინა, ვერ ვისვენებდი, უცნაური სიზმარი ვნახე. სიზმარში ყველას ვხედავდი, მაგრამ  მე ვერავინ მამჩნევდა, უკან მოვბრუნდი და ხანში შესული მამაკაცი დავინახე, ქუდი ეხურა, მის სახეს ვერ ვხედავდი. ისეთი გრძნობა დამეუფლა, რომ გარშემო მყოფი ადამიანებიდან მხოლოდ იგი მხედავდა, ნელ-ნელა მომიახლოვდა და მითხრა: წამოდი, რაღაც უნდა განახო! არ ვიცი რატომ ვენდე უცნობ ადამიანს, მაგრამ ხმის ამოუღებლად წავყევი. არც კი მიკითხავს, სად მივყავდი. ირგვლივ ვიყურებოდი  გაოცებული. უცე, ერთი უბრალო წიგნების გამყიდველის მაგიდასთან აღმოვჩნდით. სულ რაღაც რვა-ცხრა წიგნი ელაგა. თავიდან  ვერც მივხვდი იქ რა გვინდოდა. გამყიდველმა წიგნი ხელში აიღო და ხმამაღლა დაიძახა: იყიდება იაკობ გოგებაშვილის დედაენა, იყიდება დედაენა ერთ ლარად! არ ვიცი რატომ, მაგრამ ეს სიტყვები ძალიან მკაფიოდ და მტკივნეულად ჩამესმა, უცნობი მომიბრუნდა და მითხრა :
- ხედავ გოგონა, როგორ ადვილად და ღიმილიანად ყიდის, ეს კაცი იაკობ გოგებაშვილის დედაენას? ეჰ, როგორ მეცოდება!
 -რატომ ? - შევეკითხე.
-რატომ და ვერც კი ხვდება, რომ რამდენიმე წუთში უდიდეს  საგანძური დაკარგავს. ძალიან მწყდება გული. ეს ხომ სწორედ ის წიგნია,რომელიც ცოდნის სამყაროში შეუძღვა ჯერ მას, შემდეგ მის შვილებს, ახლა კი ასეთ საგანძურს თავიდან იშორებს და თან რა იოლად?!
    დრო ძალიან სწრაფად გარბის. ადამიანებს ავიწყდებათ წიგნის ფურცლებიდან მიღებული სიამოვნება,  სანუკვარი განცდები, რწმენა მომავლისა, უკეთესობისა. მის სახეს ვერ ვხედავდი, მაგრამ  ის, თუ როგორ ჩამოუვარდა ცრემლი, მაინც დავინახე, მაგრამ არ შევიმჩნიე. დავბრუნდით უკან, ისევ იმ ადგილას და წასვლის წინ მითხრა: იმედია შენ მაინც დაგაფიქრებს ჩემი სიტყვები. შებრუნდა, გადადგა რამდენიმე ნაბიჯი, ბოლოს წამოვიყვირე: ბატონო, შეიძლება თქვენი სახელი გავიგო,  მეგონა ვერც გავიგებდი ჩემს  ნათქვამს, მაგრამ მისმა ხმამ ჩემს ყურამდე მოაღწია, ქუდი მოიხადა და დაიძახა: მე ? მე იაკობი მქვია, იაკობ გოგებაშვილი!!!  ამ სიტყვების წარმოთქმის შემდეგ გაუჩინარდა.
        გამეღვიძა. ეს სიზმარი არასოდეს დამავიწყდება. ამ დღის შემდეგ ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა. მივხვდი, რომ ბევრი მაქვს გასაკეთებელი, წინ კი დიდი და რთული გზა მაქვს გასავლელი. არა,არ მეშინია ამ გზის გავლის, ვიცი მიზანსაც მივაღწევ . . .

                                                                                                    მე-8   კლასის   მოსწავლე
                                                                                                                                        ნანა გაგნიძე




მოწვეული სტუმარი გია არგანაშვილი






მოწვეული სტუმარი, მხატვარი გოჩა ძაგანაშვილი







                                                             რეფლექსია
რეფლექსია
         2017  სასწავლო წელს გადავწყვიტე მეზობელ სკოლასთან ერთად,კერძოდ 143-ე სკოლა,  ჩამეტარებინა პროექტი აპრილის თვეში,  თემა : ,, ქართული ენა ღმერთის ენაა!“ პროექტის ჩატარების მიზანი იყო სხვადასხვა თემის  დაახლოვება, ლიტერატურის პოპულარიზაცია და მოტივაციის ამაღლება სამომავლოდ პროექტებში მონაწილეობის მისაღებად. ასევე უცხო გარემოში საკუთარი თავის პოვნა და პატარ-პატარა წინააღმდეგობების გადალახვა.
პროექტის დაწყებამდე ვესაუბრე 143-ე სკოლის პედაგოგს ამ საკითხთან დაკავშირებით,რადგან მისგან მივიღე თანხმობა,სამზადისს შევუდექი ჩემს სკოლაში.შევკრიბე მოსწავლეები,გავაცანი პროექტის მიზანი და  მოსალოდნელი შედეგი,ჩავუტარე მინი-ლექცია სამუშაო თემასთან დაკავშირებით.სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფიდან დაინტერესდა 14 მოსწავლე.შევქმენი ჯგუფი და მათთან ერთად დავიწყე მუშაობა.
პირველ შეხვედრაზე მოსწავლეებს მივეცი სამუშაო,მოეძიებინათ ქართულ ენასთან დაკავშირებით მასალები,დაემუშავებინათ და გაეკეთებინათ პრეზენტაცია.საკითხზე მუშაობის დროს უპასუხოდ დარჩენილი შეკითხვები ჩაენიშნათ, მათზე პასუხს მიიღებდნენ,კომპეტენტური ადამიანისგან პროექტის ბოლოს,რომელიც  ჩაუტარებდა ლექციას.
გამოვაცხადეთ ესეების კონკურსი სათაურით _  ,,იყიდება დედაენა“
პარალელურად, მუსიკის მასწავლებელთან ერთად, დავიწყეთ სამზადისი შემოქმედებითი ღონისძიებისთვის,რომელიც 143-ე საჯარო სკოლაში ამავე სკოლის მოსწავლეებთან ერთად უნდა ჩაგვეტარებინა.
ანალოგიური ღონისძიებები ტარდებოდა მეზობელ სკოლაში.
გამარჯვებულის გამოსავლენად ესეების წაკითხვისშემდეგ გამარჯვებული გახდა პროექტში მონაწილე ბავშვების მიერ არჩეული ესე, რაშიც დახმარება გაგვიწია 133-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა,ქალბატ. ნათია ქარდავამ.
პროექტის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა 143-ე სკოლაში.ღონისძიება გადაიცემოდა პირდაპირი ეთერით მონაწილე სკოლების ფეისბუკგვერდზე,მას ესწრებოდნენ,როგორც 133-ე, ასევე 143-ე სკოლის პედაგოგები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები.ღონისძიების დაწყებამდე 40 – წუთიანი ლექცია ჩაატარა მოწვეულმა სტუმარმა
,მწერალმა და კრიტიკოსმა გია არგანაშვილმა.ისაუბრა ქართული ენის როლზე,მის სიძველეზე,წარმოშობაზე,ბავშვებმა დაუსვეს შეკითხვები მოწვეულ სტუმარს.ლექცია მიმდინარეობდა კითხვა-პასუხის რეჟიმში.
ბოლოს კი გაიმართა ერთობლივი ღონისძიება,გამარჯვებული ესეს  ავტორებმა საკუთარი ნამუშევრები წაუკითხეს დამსწრე საზოგადოებას.ღონისძიება იყო შინაარსობრივად დატვირთული,საინტერესო და ბევრის მთქმელი.
პროექტში მონაწილე ყველა ბავშვს გადაეცა შესაბამისი სერთიფიკატი  143-ე საჯარო სკოლის მხრიდან პროექტში მონაწილეობისათვის.
პროექტში მონაწილეობის ამსახველი სურათების და ვიდეო მასალის გამოქვეყნების შემდეგ,(სკოლის ვებ-გვერდზე) მოსწავლეთა დაინტერესება გაიზარდა.წინასწარ იყო მოთხოვნა,რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებებში ჩაერთვებოდა ბევრი მოსწავლე სიამოვნებით. პროექტის განხორციელების დროს იყო პატარა ხარვეზებიც,კერძოდ,ხელი შეგვიშალა უამინდობამ, სამომავლოდ ამ ხარვეზებს გავითვალისწინებ და სკოლის ადმინისტრაციას მივმართავ თხოვნით,რომ მსგავსი პროექტის განხორციელების დროს უზრუნველყოს მოსწავლეთა  ტრანსპორტირება.
http://mazmishviliketevan.blogspot.com     
                                                               პროექტის ხელმძღვანელი:                   ქ.მაზმიშვილი.
თბილისის 133-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი;